ლიტერატურული ჯაზი ანუ ნარკოტიკებით გაბრუებული „გზაზე“

ირაკლი მაჭარაშვილი

ჯეკ კერუაკი იყო ინოვაციური სტილით მთხრობელი ამერიკელი მწერალი, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში საქმიანობდა. მისი ნოველა, „გზაზე“, შთააგონებს ადამიანებს, რომლებსაც ჯერ თავისი ადგილი არ უპოვნიათ, რომლებიც მოგზაურობენ, უფრო სწორად დაბოდიალობენ, მანქანიდან მანქანაში და ადგილიდან ადგილზე ინაცვლებენ. ეს მეოცნებენი უბრალოდ ცხოვრებაში დაკარგული ადამიანები არიან, რომლებსაც თავიანთი ამქვეყნიური ამოცანა ვერ უპოვნიათ, არ იციან რა უნდათ რომ გამოვიდნენ და როგორ გაითავისუფლონ თავი (კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქართველი პირველკურსელები არიან). ეს ნოველა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენი ოცნებების დასაკმაყოფილებლად, არანაირი გამონაკლისებითა და არანაირი ბოდიშებით, არანაირი თავის მართლებებით. წიგნი სავსეა გამოცდილებებითა და თავგადასავლებით. მთავარი პერსონაჟი ყოველთვის გზაზეა და მუდამ მოგზაურობს. ნაწარმოები 1957 წელს გამოქვეყნდა და დიდი დისკუსია გამოიწვია. კერუაკმა ერთხელ თქვა: „ძალიან დამღალა და ყელში ამოვიდა ჩვეულებრივი, სტანდარტული ინგლისური ენა, რომელიც რკინის წესებშია მოქცეული, თითქოს მისი დარღვევა არ შეიძლებოდეს. არ მინდა რომ ჩემი ნაწარმოების კითხვისას წინადადების დამასრულებელი სიტყვები თქვენ გამოიცნოთ, არ მინდა ფორმატს მოვერგო, ასეთ წერას რა აზრი აქვს?“. კერუაკის მთავარი საყრდენი ბურჯი ამ ნოველისათვის იყო ე.წ „ახალი ხედვა“, რომლის კონცეფციებიც ბიტნიკების მოძრაობამ გააცნო საზოგადოებას 1950-იანებში. კერუაკის კრეატიულობა წერის მანერასა და შთაგონების წყაროებში ბიტ თაობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი გახდა. კერუაკის ნოველა ახალი ამერიკული იდენტობის ძიების მცდელობაა, ახალი კულტურული ნორმების კვლევა ლაიტმოტივად გასდევს ნოველას.

კერუაკის ნაწარმოები „გზაზე“ სავსეა ინტრიგებით. ნოველის ინტრიგებით სავესე ხასიათს მისი შინაარსი არ განაპირობებს. ნაწარმოებს განსაკუთრებულ ნიშას მწერლის სტილი სძენს. სიმარტივე და ლოგიკურობა ძალიან მიმზიდველია, თუმცა სიგიჟე, ქაოტურობა და თავგადასავლიანობა იშვიათად აღაფრთოვანებს მკითხველთა მასებს. ჯაზის მუსიკოსების მსგავსად, კერუაკი იმპროვიზატორი იყო, წერდა იმას, რაც აზრად მოუვიდოდა. ფიქრობდა, რომ რევიზია და ნაწერის ხელახლა გადახედვა უსარგებლო საქმე იყო. თავისი წერის მანერას „სპონტანურ პროზას“ უწოდებდა. იგი სიტყვებს საგულდაგულოდ არ არჩევდა და თავს არ იზღუდავდა არაფერში. მიჰყვებოდა გულსა და გონებას.

მის წიგნს ბევრი საერთო აქვს ჯაზთან. გასაკვირი ნამდვილად არაა, რომ ავტორს ჯაზი უყვარდა და მისი შთაგონების წყაროც სწორედ აღნიშნული მუსიკალური მიმდინარეობა იყო. როგორც ჯაზის მუსიკოსები ღრმად ჩაისუნთქავენ ხოლმე ჰანგების გაჟღერებამდე, კერუაკიც ასევე ერთი ამოსუნთქვით წერდა და მკითხველის ასევე სწრაფად ეცნობოდა მის შემოქმედებას. თუ რამეს აურევდა, მხოლოდ იმიტომ რომ ფიქრების ნაკადი შეიცვლიდა დინების მიმართულებას.

კერუაკის სტილი იმდენად უნიკალური იყო რომ მან თვითონვე დაწერა სამეცნიერო ნაშრომი სახელად „სპონტანური პროზის რაობა“ (Essentials of Spontaneous Prose). კერუაკის პერსონაჟები ყოველთვის რეალური ადამიანების პროტოტიპები იყვნენ. ხოლო ნოველის სიუჟეტში ძირითადად მის და მის მეგობრებს თავს გადამხდარი ამბები ცოცხლდებოდა. „ჩემთვის გიჟი მხოლოდ ისაა, რომელსაც გიჟურად უნდა ცხოვრების გატარება, გიჟურად უყვარს საუბარი და ამავდროულად ცხოვრებას სერიოზულად უყურებს“ – ამბობდა იგი.
ნოველაში „გზაზე“ მხოლოდ კერუაკის ხასიათი და ამერიკული ღირებულებების გადასხვაფერების სურვილი კი არაა აღწერილი, არამედ ახალგაზრდის სურვილი გაიგოს, თუ რა არის საერთოდ ამერიკელის ღირებულებები. წიგნი დაფუძნებულია რედ მულტრის (ნილ კესადი რეალურ ცხოვრებაში) მოგზაურობაზე სალ ფარადაისთან (კერუაკი) ერთად ამერიკაში თავის საპოვნელად. კერუაკი რაღაც მხრივ ზედმეტსიტყვაობს კიდეც ყველაფერის აღწერისას, თუმცა იგი მართალი და თემატური რჩება თავისი წერის მანერის მიმართ. ცხოვრების დინება კერუაკს წინ უძღვის, ნაწარმოები ნარკოტიკული ნივთიერებების გავლენის ქვეშაა დაწერილი და ამავე მდგომარეობის დროს მოგზაურობას მოგვითხრობს. მთხრობელი, სალ ფარადაისის სტილს აღწერს, როგორც ცხოვრებას ალკოჰოლით, სილამაზით, ჯაზით, სექსით, ნარკოტიკებითა და მისტიციზმით. სულიერი ლიბერალიზაცია, გათავისუფლება კი ნაწარმოების მთავარი იდეაა. კერუაკის მცდელობამ, რომ შეექმნა წიგნი ამერიკულ რეალიზმზე დაყრდნობით, არაერთგვაროვანი შედეგები მოუტანა თავად მწერალს, ზოგს იგი სამუდამოდ შესძულდა და ზოგისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.

ფაქტი კი ფაქტად რჩება – მეოცე საუკუნის შუა წლები ამერიკისთვის კულტურის თავიდან აღორძინებისა და აყვავების ხანაა და ამ ყველაფერში კერუაკს უდიდესი წვლილი მიუძღვის. თუმცა, მისმა მეგობრებმაც ლიტერატურაში, მხატვრობაში, მუსიკასა და საზოგადოებაში (ჰიპები) დიდი გავლენა იქონიეს. კერუაკის ისტორია, რომანტიკული ინდივიდუალიზმის დაკმაყოფილების მცდელობის შესახებ, დასაბამი გახდა ბევრი ახალი იდეის. მას სურს დაივიწყოს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საზოგადოებრივი სიჩუმე და ბიძგი მისცეს ისეთ რევოლუციურ სვლებს, როგორიცაა მაგალითად სექსუალური რევოლუცია.
თავად ბიტნიკებს რაც შეეხება, ისინი თავისუფალი ადამიანები იყვნენ. თავად ფრაზა ბიტ თაობა (beat generation) კერუაკის მოგონილია. ის თავდაპირველად ღარიბს, მომაკვდავს და მოწყენილ ადამიანს ნიშნავდა, ასევე მეტსახელი იყო მათთვის ვისაც მიწისქვეშა გადასასვლელებში ეძინა. ხოლო ახალი განმარტებით ის „ახალი ხედვის“ მიმდევარი ადამიანის სინონიმი გახდა. იყვნენ მთვრალები, დრამებზე უკრავდნენ, ეწეოდნენ მარიხუანას, ატარებდნენ მოტკეცილ ან შავ ჯინსებს. მათ შემოიტანეს ბევრი თანამედროვე ამერიკული ჟარგონი, როგორიცაა: cool, dig, crazy. კერუაკმა კი მწერლობასთან ერთად ამ დიდი მოძრაობის ლიდერის პოზიციაც მოიპოვა.

კერუაკმა უარყო საშუალო კლასის ამერიკული ღირებულებები და საზოგადოების წამყვანი ღირებულებების მორჩილების ტენდენციას აუჯანყდა. 1950-იანების ახალგაზრდა თაობა ამერიკას ტრადიციონალისტურად და მკაცრად აღიქვამდა. ამიტომაც კერუაკის „გზაზე“ გახდა ნამდვილი ჰიტი და ახალგაზრდობისათვის ნომერ პირველი საკითხავი წიგნი. როგორც ჯეს რიტერმა თქვა ვონეგუტის სიტყვაში (Vonnegut Statement) „უდიდესი ფსიქოლოგიური მიგრაცია ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არაჩვეულებრივადაა ასახული იმ ნოველებში, რომელიც ბიტნიკებმა შექმნეს 1950-იან წლებში, და ამის პიონერი ნამდვილად კერუაკი გახლდათ“.

სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ “Civicus”-ის მეთორმეტე ნომერში, გვ. 52-55
ნომრის სრულად ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://cela.ge/ge/page/civicus-12

Leave a comment